ევროკავშირმა „იანდექსის“ თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა
ევროკავშირმა „იანდექსის“ თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
ვოლოჟთან ერთად, სასანქციო სიიდან ასევე ამოიღეს საინვესტიციო კომპანია „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცისა და მოტოკლუბის, „ღამის მგლები“ ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის, იოზეფ ჰამბლეკის, ასევე სხვა პირების სახელები.
„იანდექსის“ თანადამფუძნებელი ევროკავშირმა „შავ სიაში“ 2022 წლის ივნისში შეიყვანა. ამის შემდეგ მან კომპანიის დირექტორთა საბჭო და გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. 2023 წლის აგვისტოში მან საჯაროდ დაგმო ომი უკრაინაში და თქვა, რომ მანამდე ამ საკითხზე დუმილისთვის „მრავალი მიზეზი“ ჰქონდა.
„მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, სადაც მე, როგორც მრავალ სხვას, ჰყავს მეგობრები და ნათესავები. მე შოკში ვარ იმის გამო, რომ ყოველდღიურად უკრაინელების სახლებზე ბომბები ცვივა“, – აღნიშნული იყო ვოლოჟის განცხადებაში.
ბიზნესმენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2014 წლიდან ის რუსეთში არ ცხოვრობს, ესმის, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობის წილი ქვეყნის ქმედებებისთვის.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, „იანდექსი“ დომინანტურ ადგილს იკავებს რუსეთის ინტერნეტბაზრის მრავალ სეგმენტში და თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში კომპანია „იანდექსის“ აქტივების გაყოფის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა. ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა სათავო კომპანია Yandex N.V.-მ თანხმობა განაცხადა ყველა თავისი რუსული აქტივის რუსი ინვესტორების კონსორციუმისთვის მიყიდვაზე.