ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიტანეთთან მომავალი ურთიერთობების პრინციპებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიტანეთთან მომავალი ურთიერთობების პრინციპებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები „ბრექსითი“-ს შემდეგ, ბრიტანეთთან მომავალი ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა დაწერა.

შეთანხების გეგმა ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი შვიდგვერდიანია.

ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან „ბრექსითთან” დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც  მოქალაქეების უფლებებს, ფინანსურ ვალდებულებებსა და გარდამავალი პერიოდის პირობებს ეხება.

ამასთან, ევროკავშირი „ბრექსითის” პირობების შესათანხმებლად ძალისხმევის გააქტიურებას  ასევე, გიბრალტართან დაკავშირებით  ტერიტორიული საკითხების დარეგულირებას ითხოვს.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, დიდ ბრიტანეთთან მომავალში რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობების შეინარჩუნოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა  – ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, ტერორიზმისა და საერთაშორისო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოება, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა.

ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირიდან და საერთო ბაზრიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას, ნეგატიური შედეგები ექნება, განსაკუთრებით ლონდონისთვის.

ევროკავშირის ლიდერები გამოხატავენ მზადყოფნას, იმუშაონ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაბალანსებულ, ამბიციურ და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, თუმცა ამ შეთანხმებით არ იქნება გათვალისწინებული ის უპირატესობები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფდა.