ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე წამოჭრილი იყო ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობისა და მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებას უკავშირდება.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები დაინტერესებული იყვნენ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით.

„ჩვენი მხრიდან წამოჭრილი იყო ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობისა და მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებას უკავშირდება. განსაკუთრებით საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, ასევე საარჩევნო სისტემაში გასატარებელ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარები დაინტერესებული იყვნენ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის, ხელისუფლება გაატარებს რეალურ ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მას აქამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვიზიარებთ და ისინიც ამ პოზიციაზე არიან, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა, თუმცა ხელისუფლებამ ეს არა მხოლოდ უნდა მოისმინოს, არამედ უნდა შეისმინოს, რადგან აუცილებელია სხვადასხვა ფუნდამენტური რეფორმის გატარება, რათა რეალურად შემცირდეს არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ინსტიტუციებზე. შემცირდეს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და მივიღოთ გარემო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები იმუშავებენ გამართულად.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანი ხელისუფლებასთან მიმართებით ვინც არის, ყველამ კარგად იცის. ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის, თუმცა დეოლიგარქიზაცია შორეულ პერსპექტივაში არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ დღეს არსებული სიტუაცია გამოსწორდეს. ეს ნიშნავს, რომ რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა გაძლიერდეს, რათა მომავალში ჩვენ იგივე მდგომარეობა აღარ მივიღოთ. მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიციის განმარტება. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს რაც შეეხება, ჩვენი მხრიდან ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ამაზე გვესაუბრა. ჩვენზე კარგად არიან ამ ყველაფერზე ინფორმირებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.