ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ბოლო დღეებში მისიამ ახალი მავთულხლართების მონტაჟი დააფიქსირა, რაც გადაადგილებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატოცში, გამყოფ ხაზთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სოფელ ატოცთან 30 ოქტომბერს რეგულარული და დაგეგმილი პატრულირება განახორციელა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მონიტორინგს დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების ადგილზე ყოფნა რაიმე სპეციფიურ ინციდენტზე პასუხი არ ყოფილა, როგორც ამას გარკვეული წყაროები ამბობენ“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იყო მისიის გეგმის მიხედვით წინასწარ დაგეგმილი პატრულირება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და იუწყება ატოცის სიახლოვეს დამატებითი „ბორდერიზაციის“ პროცესის შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში მისიამ ახალი მავთულხლართების დამონტაჟება დააფიქსირა, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებაში დამატებით ბარიერებს უქმნის.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უახლოეს წარსულში სამხრეთ ოსეთის მხრიდან უსაფრთხოების აქტორების პატრულირებასა და განლაგებაში რაიმე საყურადღებო ცვლილება არ დაუფიქსირებია. მისიამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ამ კონკრეტულ მონაკვეთში უსაფრთხოების კუთხით ამ დროისთვის არსებული სიტუაცია სტაბილურად შეაფასა“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.