თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი – EuroDIG 2018 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა მარია გაბრიელმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ფორუმის თბილისში მასპინძლობისთვის.
„EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა ინტერნეტ მმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა მარია გაბრილმა.
ევროკომისარმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ციფრული სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, მარია გაბრიელმა ისაუბრა ევროპის ციფრული პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის როლის, მისადმი ნდობის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებზე.
„ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიმართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისრის, მარია გაბრიელის EuroDIG 2018-ის მონაწილეებისადმი მიმართვის სრულ ტექსტსაც ავრცელებს:
„ბატონო პრემიერ მინისტრო, ბატონო ვიცე პრემიერ მინისტრო, მინისტრებო, ევროპარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო,
პატივი მაქვს, მოგესალმოთ EuroDIG-ის მე-11 ფორუმს და მის მონაწილეებს – ციფრული სფეროს ნოვატორებსა და პოლიტიკის შემქმნელებს. ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიმყოფები თქვენთან ერთად. ნამდვილად ვგეგმავდი ჩამოსვლას, თუმცა, როგორც ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იცით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შეჯამების პროცესში ვარ, რომელიც ხვალ უნდა განიხილოს კომისრების კოლეგიამ და რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ციფრული ევროპის ახალი პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობას განსაზღვრავს.
მიუხედავად ამისა, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს იმ თბილი მოწვევისთვის, რომელიც მან გამომიგზავნა. ასევე დიდი
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და, ასევე, საქართველოს მთავრობას ევროპული ინტერნეტ საზოგადოების
გულთბილი მოწვევისთვის.
EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა ინტერნეტ მმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური
რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვიმყოფებით – ევროპას შეუძლია მიიღოს ის ციფრულ-ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც გამოიწვია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებამ, როგორებიცაა
ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინები, ვირტუალური ტექნოლოგიები და სხვა, ან თავი აარიდოს მას. არჩევანი ჩვენზეა და, რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანია, მომავალს მზადყოფნითა და ოპიტმიზმით შევხვდეთ.
ევროპას მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური ღირებულებები აქვს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, სრულად ვისარგებლობთ ციფრულ ფორმატზე გადასვლით და ადეკვატური მიდგომებით გადავჭრათ ამ
პროცესის თანმხლები სირთულეები და გამოწვევები. სიტყვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ინკლუზიურობა, რესურსებისა და ძალაუფლების განაწილება – ეს ის ევროპული ღირებულებებია, რომლებიც მიიღწევა გახსნილობის, ხელმისაწვდომობისა და დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფით, რაც ინტერნეტის ძირითადი პრინციპია დღიდან დაარსებისა.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და მკაფიოდ დავინახოთ ის სირთულეები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია. ბოლო დროის გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ ინტერნეტისადმი ნდობა იკლებს.
მომხმარებლებს არამხოლოდ საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცულობითა და კიბერუსაფრთხოებით აშფოთებს, არამედ ისიც, თუ რამდენად სანდოა ინტერნეტი, როგორც ინფორმაციის წყარო. დღესდღეობით,
ყოველი მეორე ევროპელი მომხმარებელი თავს იკავებს ისეთი ინტერნეტ აქტივობებისგან, როგორებიცაა ელექტრონული ბანკის თუ ელეტრონული კომერციის მომსახურებით სარგებლობა – მხოლოდ უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაუცველობის მოსაზრებით. ამასთან, მომხმარებლები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ინტერნეტბაზარზე მოქმედებს დომინანტი მოთამაშეები, რაც ძალაუფლების ვიწრო წრეში კონცენტრაციის საფრთხეს ქმნის, რაც საფრთხილოა კონტენტის, პერსონალური და ზოგადად, უამრავი სხვა სახის მონაცემების დაცულობის თვალსაზრისით.
სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება დროულად გავერთიანდეთ ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების შესამუშავებლად ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების დაცვის მიზნით. ეს მყარ საფუძველს მოგვცემს ჩვენი ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და, ასევე, ინტერნეტისადმი ნდობის აღსადგენად.
25 მაისიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR). GDPR მსოფლიოში მოწინავე საკანონმდებლო რეგულაციაა მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ ერთხელ, ევროპა პიონერია ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც გაითვალისწინებენ ჩვენს გამოცდილებას.
იმის საპირწონედ, რაც ხანდახან მესმის ხოლმე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ GDPR არ გამოიწვევს ინტერნეტის ფრაგმენტაციას. პირიქით, ეს მექანიზმი აღადგენს ინტერნეტისადმი ნდობას და ხელს შეუწყობს ინტრერნეტით სარგებლობაში მეტი მომხმარებლის ჩართვას. ერთ-ერთი ცალკეული შემთხვევა, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, არის ის, თუ ვინ გააკონტროლებს დომენების სახელების WHOIS სისტემის GDPR-თან შესაბამისობას? ევროპული კომისიის დამოკიდებულება ცალსახაა – WHOIS სისტემები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს GDPR-ის მოთხოვნებთან და ასევე საზოგადოებრივ მოთხოვნებთან, რაც ითვალისწინებს კანონმდებლობასთნ თანხვედრას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვას.
ახლა უკვე ICANN-ის პრეროგატივაა შეიმუშავოს და დანერგოს WHOIS სისტემის შესაბამისი მოდელი და, ასევე, უზრუნველყოს სისტემაზე წვდომა კანონით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში. ჩემი აზრით სწორედ ეს არის ახლა ICANN-ის პრიორიტეტები ინტერნეტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ უკვე შეიტანა საკუთარი კონსტრუქციული წვლილი ამ პროცესში და საკითხის გადაჭრის მიზნით მომავალი თანამშრობლობის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ICANN-სა და საზოგადოებას.
ქალბატონებო და ბატონებო, ნება მომეცით გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები ინტერნეტის მომავალი განვითარების მიმართულებით. ჩემი ხედვით, ეს უნდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული ინტერნეტი, ანუ ინტერნეტი ადამიანებისთვის. აუცილებელია ინტერნეტი იყოს საიმედო, უსაფრთხო, მდგრადი და ინკლუზიური.
ნდობა, უპირველესი მექანიზმია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მთლიანად გავხსნათ ინტერნეტის პოტენციალი. ნდობის მოსაპოვებლად, ჩვენ ისეთი ინტერნეტი უნდა შევქმნათ, რომელიც თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად აკონტროლოს და მართოს საკუთარი მონაცემები. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს საკანონმდებლო ჩარჩო, თუმცა GDPR-ის სრულად ამოქმედებისთვის აუცილებელი შევქმნათ მექანიზმი, რათა ცალკეული ადამიანი სრულად მართავდეს საკუთარ მონაცემებს ინტერნეტში. მომავლის ინტერნეტი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე, ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ და ამასთან, შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ისეთი პერსონალური მონაცემების ფართო მასებისთვის გაზიარებით, რომლებიც საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ჯანდაცვას, დემოკრატიას, გარემოს, მობილურობასა თუ სხვა სფეროებს მოიცავს. ეს აუცილებელია პირობაა ინტერნეტის სრულმასშტაბიანი გამოყენებისთვის როგორც სოციალური, ისე კონომიკური თვალსაზრისით.
ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ავთენტურობისა და უტყუარობის გადამოწმების შესაძლებლობას. ჩვენ მრავალმხრივ მივუდექით ამ გამოწვევას და ჩავრთავთ ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ინფორმაციის წყაროს რეპუტაციის გადამოწმება, ბლოკჩეინ-სისტემების გამოყენება კონტენტის უტყუარობისა და სანდოობის შესამოწმებლად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის კონტროლი და კოგნიტური ძებნის ალგორითმები ინფორმაციის ხარისხისა და წყაროს სანდოობის შესამოწმებლად.
ვინაიდან ინტერნეტი სულ უფრო ავტონომიური ხდება, პირველ რიგში, აუცილებელია გვქონდეს ადამიანური რესურსით კონტროლის ჩანაცვლების მექანიზმები. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანებს ინფორმაციის დახარისხებაში, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისევ ადამიანებმა უნდა მიიღონ, მაგალითად, სამედიცინო სახის გადაწყვეტილებები. ელექტორნული და ციფრული ხელსაწყოების სულ უფრო მზარდი ავტონომიურობას თან უნდა სდევდეს უფრო მაღალი საიმედობის, ღია და მაღალი დონის ალგორითმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მდგრადობა. ცხადია, აუცილებელია კიდევ მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქსელების, მონაცემებისა და აპლიკაციების უკეთესი დაცულობისთვის. სწორედ ამიტომ, ევროპა ცდილობს, ლიდერი იყოს დაცული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ისეთების, რომლებიც, მაგალითად, დაფუძნებულია კვანტებზე. ამისათვის, აუცილებელია შესაძლებლობა გვქონდეს, შევამოწმოთ ამგვარი ტექნოლოგიები, თუ რამდენად საიმედო იქნება მათი გამოყენება. ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენი კიბერუსაფრთოხების ჯგუფი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ინტერნეტის ცენტრალიზება გაზრდის საიმედოობასა და მდგრადობას და, ასევე, მომხმარებლების კონტროლის მიზნით, აუცილებელია. ტექნოლოგიებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული არქიტექტურას აქვთ შესაბამისი უნარი, გაზარდოს ნდობა, გამჭირვალობა და ინტერნეტ ტრანსაქციების საიმედოობა.
სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ევროპის ბლოკჩეინის პარტნიორობა, რომელიც იქნება წევრ ქვეყნებსა და ბლოკჩეინს შორის თანამშრომლობის მექანიზმი. ეს იქნება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის ფართო ბლოკჩეინის სისტემის ამუშავებას.
მესამე ფაქტორი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ინტერნეტის მდგრადობა. აუცილებელია, შევქმნათ მწვანე არქიტექტურა და ტექნოლოგიები, შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება და დაქსელვის მასშტაბები, ხოლო შენახული ინფორმაცია კრიზისულ შემთხვევებში უნდა გადაეცეს და შეინახოს ინტერნეტ სივრცეში.
დაბოლოს, ადამიანებზე ორიენტირებული ინტერნეტი უნდა ასახავდეს ძირითად ევროპულ ღირებულებებს – გახსნილობას, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ჩაერთოს ინტერნეტ-საზოგადოებასა და კომუნიკაციაში. სწორედ ამიტომ მივისწრაფით შევქმნათ ენობრივად გამჭვირვალე ინტერნეტი, სადაც სხვადასხვა პროგრამებს და მექანიზმებს შეეძლებათ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით უზრუნველყონ იფორმაცია სხვადასხვა ენაზე. ნებისმიერ ევროპელს, მიუხედავად ასაკისა და კულტურული მიკუთვნებულობისა, თავისუფლად უნდა შეეძლოს ისარგებლოს სოციალური ქსელებით და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სპეციალურად მორგებული ინტერფეისისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამების მეშვეობით. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ თითოეულ ევროპელს მიეცეს ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებით და შესაძლებლობებით აღჭურვილი ინტერნეტის გამოყენების საშუალება, აუცილებელი იქნება ყველა ასაკისა და ნებისმიერი წინარე გამოცდილების ადამიანის კომპიუტერული წიგნიერების უნარ-ჩვევების ამაღლება. ასევე აუცილეებლი იქნება განათლების სისტემა მოერგოს ციფრული ეკონომიკის მოთხოვნებს.
ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ამ ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიამართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე. ეს დისკუსიის ის თემაა, რომელსაც მომავალ თვეში წევრ ქვეყნებთან განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ
ჩვენს მაღალ დონეზე მომზადებულ ინიციატივას და ამ მხარდაჭერას სათანადოდ ასახავენ ევროკავშირის ბიუჯეტში.
ამ ხედვის მიხედვით, ინტერნეტ მმართველობის როლი სულ ცოტა ხანში ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც არასდროს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ ენიჭებათ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ინფორმირებული მომხმარებელი, ფაქტობრივად, ძლევამოსილი მომხმარებელია, რომელსაც შეუძლია განასხვავოს ცრუ და ნამდვილი ინფორმაცია, აკონტროლოს საკუთარი მონაცემები და ონლაინ იდენტობა – მომხმარებელი, რომელიც თავად ქმნის საკუთარ ინტერნეტ-ლანდშაფტს და თავად წარმოადგენს მომავლის ინტერნეტის ბირთვს. იმედი მაქვს, მომავალშიც განვაგრძობთ თანამშრომლობას ამ მიზნის მისაღწევად.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ და ნაყოფიერ განხილვებს გისურვებთ“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.