ევროკავშირ-საქართველოს შორის ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება
ევროკავშირთან ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა 2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაცია პირველ არხს ევროკომისიის საქართველოსთან და მოლოდავასთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკეტმა დაუდასტურა.
მეთიუ ბუსკეტი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ამ ფორმატით შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების გზაზე.
„ევროკომისია აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, რათა ახალი უმაღლესი დონის ფორმატით შეხვედრა წარმატებული იყოს. საქართველომ წარმოადგინა საგზაო რუკა და მისი განხილვის შემდეგ, ახალი უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლაზე შევთანხმდით. ეს იქნება სექტორული დიალოგი, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას ისახავს მიზნად. 21 ნოემბერს პირველი შეხვედრა შედგება“, – განაცხადა მეთიუ ბუსკეტმა.
ახალ უმაღლეს ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაკეთდა. ამ თემაზე იყო მსჯელობა მაისში ევროკომისიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს.
ახალი უმაღლესი ფორმატით შეხვედრა წელიწადში ერთხელ გაიმართება. შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები. საქართველოს მხრიდან შეხვედრას უხელმძღვანელებს მთავრობის მეთაური.