ევრობასკეტი 1997 | პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინთან ერთად [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 1997 | პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინთან ერთად [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1994 წელს შეიქმნა. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია 1994 წლის 21 მარტით დათარიღებულ გაზეთ „ყველა ვარსკვლავში“ გამოქვეყნდა.

შესავალში წერია:

„20 მარტი – ეს თარიღი ნამდვილად შევა ქართული კალათბურთისა და საერთოდ სპორტის ისტორიაში. საქმე იმაშია, რომ ამ დღეს მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სასახლეში შედგა საქართველოს ნაკრების მწვრთნელების და მოთამაშეების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკფ) პრეზიდენტი, ბატონი ალეკო ჩხეიძე, ვიცე-პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი, ბატონი ოთარ ქორქია და სხვები. ბევრი ითქვა ამ ისტორიული ფაქტის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ეროვნული ნაკრები, ფაქტობრივად, პირველად შეიქმნა და ეს იქნება გუნდი, რომელიც პირველად დაიცავს საქართველოს ღირსებას.
რაც შეეხება ნაკრები გუნდის ძალასა და პერსპექტივებს…”

„სწორედ 20 მარტს, ვერის ბაღში გადაწყდა ნაკრების შექმნის საკითხი“, – ამბობს დათო თორთლაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო 13 კალათბურთელიდან, ისტორიულ შეკრებას რომ ესწრებოდა. სურათს თუ დააკვირდებით, ქვედა რიგში (მარცხნიდან მეორე) ვახტანგ ნაცვლიშვილსაც შენიშნავთ.

„მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რომ ახალი ეპოქის დაწყების თანამონაწილენი ვიყავით. თუ მანამდე ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და სხვები საბჭოეთის ფარგლებში ქმნიდნენ ისტორიას, 1994 წლიდან მათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უნდა ეთამაშათ… დღეს მეამაყება, რომ იმ ისტორიული შეხვედრის მონაწილე ვიყავი. კარგად მახსოვს, ჩვენს პასუხისმგებლობაზე როგორ ილაპარაკა ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ“, – ეს უკვე ნაცვლიშვილის სიტყვებია.

სიმბოლურია, რომ ბატონი ოთარი საბჭოთა ნაკრების შექმნის სათავეებთანაც იდგა: სსრკ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოთარ ქორქიას შეწევნით (ფინალში ჩეხოსლოვაკიას 23 ქულა ჩაუგდო) ოქრო მოიპოვა.

 

ვინც მოიგებს, იმისია…

20 მარტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი იმუშავებდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად…

„ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ხოლო ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა, ალეკო ჩხეიძემ“, – ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი „ვითამ“ „თბილისთან“ 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. „ვითას“ ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო „თბილისს“- ნოდარ ქორქია.

„მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ“, – აცხადებს ნოდარ ქორქია.

 

ლურჯები VS წითლები

მწვრთნელები სანაკრებო საქმიანობას ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუდგნენ – მაისის ბოლოს პირველობის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბეს…

„ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებისგან ორი გუნდი შეიკრიბა. ამიტომ ორად გავიყავით და პირველი სანაკრებო მატჩიც ერთმანეთში ვითამაშეთ. სწორედ იმ შეხვედრის შემდეგ უნდა შერჩეულიყო ბირთვი ეროვნული გუნდისთვის. ერთ გუნდს „ვითას“ წითელი ფორმა ეცვა, მეორეს – ლურჯი. მე წითლებში მოვხვდი და ისიც მახსოვს, რომ ის მატჩი ჩვენ მოვიგეთ“, – მოგვითხრობს ვახტანგ ნაცვლიშვილი, თუმცა ზუსტ ანგარიშს ვერ იხსენებს.

სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში არაოფიციალური მატჩების ანგარიშები არც წერილობითი სახით შემონახულა და არც მონაწილეებს ახსოვთ.

ვატო განაგრძობს:

„საერთაშორისო არენაზე გასული „პირველი მერცხალი“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო, რომელმაც 1993 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა. იმ გუნდიდან ეროვნულში არაერთი კალათბურთელი მოვხვდით.“

 

მსოფლიოს ჩემპიონთან ერთად

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს შექმნისთანავე მაღალი მიზნები დაუსახეს. არცთუ უსაფუძვლოდ – ნაკრების ფორმა მოირგეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკის ნაკრებში ნათამაშებმა გელა დარსაძემ, პაატა გურასპაულმა, გია სანაძემ… მწვრთნელებს დიდად ეიმედებოდათ ახალგაზრდების – ვახტანგ ნაცვლიშვილის, ვლადიმერ სტეფანიას, ლევან ქარაბაკის…

რაც მთავარია, გუნდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი თამაშობდა. 1982 წელს მას ამერიკის ნაკრები ჰყავს დამარცხებული (კოლუმბიის მსოფლიოს პირველობაზე). 13 წლის შემდეგ ნაკრებს რომ დასჭირდა, დერიუგინმა უყოყმანოდ მოირგო მაისური, რომელსაც გულზე „ჯორჯია“ ეწერა.

რომ არა ტრავმა, ეგებ პირველივე ცდაზე მიგვეღწია ევრობასკეტისთვის:

„1986 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე. მას მერე 5 წელი გამიცდა. მოედანზე კი დავბრუნდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცალი ფეხით ვთამაშობდი. ჯერ უნგრული „მაფთის“ ღირსებას ვიცავდი, ხოლო პირველი სანაკრებო მატჩებისას სლოვაკურ „სლოვაკფარმში“ ვთამაშობდი. მაშინ ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და, შესაბამისად, მუხლიც ძლიერ არ მტკიოდა, თუმცა მუდმივად შეხვეული მქონდა, მეშინოდა, მეორედაც არ დამეზიანებინა. ბურთის რომ ავიღებდი, ვიდრე ზემოთ ავიხედებოდი, დაბლა ვიყურებოდი… ახტომისას მარჯვენა ფეხით ვიწეოდი და ვცდილობდი ორივე ფეხზე ერთად დავმხტარიყავი, რადგან მარცხენა ფეხი არ მეტკინა. ასე რომ, ნაკრებისთვის რასაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი, ტრავმა თავისუფლად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა“, – იხსენებს ნიკოლოზ დერიუგინი.

 

სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის უცხოეთში გამგზავრება უზრუნველგვყო. საკუთარ თავს „უთოფო ყაჩაღებსაც“ ვუწოდებდით“, – დასძენს გუნდის უფროსი ჯამლეტ ხუხაშვილი.