კალათბურთი | თორნიკე შენგელია - იმედი მაქვს, მომავალშიც ასე თამაშს გავაგრძელებთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ თბილისში დანიასთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.
„დადებითად შევაფასებ ამ სანაკრებო ფანჯარას. შევეცადეთ, კოპენჰაგენში ბოლოს დაშვებული შეცდომები თბილისში გამოგვესწორებინა. რაც შეეხება ახალ თანაგუნდელებს, ვამაყობ მათით, ისე ითამაშეს, როგორც ვეტერანებმა. არ ჰქონიათ შიში, თვითრწმენით მოქმედებდნენ. იმედი მაქვს, მომავალში ასე გავაგრძელებთ.
ივლისში ველოდებით ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებიც NBA-ში თამაშობენ და ძალიან გვჭირდებიან. მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებ ტურნირს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ დაასრულებ. ასე რომ, არ ვჩერდებით და წინ პოზიტიური შემართებით მივდივართ“, – აღნიშნა შენგელიამ.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან სტუმრად გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.