კალათბურთი | შენგელია და რიდი ფიბა-მ მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთ მოთამაშეს შორის დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და ლეგიონერი მარკის რიდი ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა.
თბილისში დანიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში შენგელიამ გუნდს 27 ქულა, 11 მოხსნა და 5 დაფარება შესძინა, ხოლო რიდის ანგარიშზე 29 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა იყო.
შენგელიასა და რიდის გარდა, ფიბა-მ საუკეთესოთა შორის შეიყვანა: ვასილეიოს ტოლიოპოლუსი (საბერძნეთი), ძანან მუსა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და სალიუ ნიანგი (იტალია).
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა და მეორე ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. მომდევნო მატჩს ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან ჩაატარებს.