„ევრაქტივი“ - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ევროპარლამენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ევროპარლამენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ევრაქტივი“ ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ჩეხეთის პრემიერმა და ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 19 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ბაბიშის ინტერესთა კონფლიქტზე.
მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, მიიღოს ზომები ჩეხეთში ინტერესთა კონფლიქტის აღსაკვეთად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის პრემიერი არის პირი, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს განაგებს და ამავე დროს, მართავს ჰოლდინგს „აგროფერტს“, რომელიც ევროკავშირის სუბსიდიებით სარგებლობს. რეზოლუციას 510-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 53-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 101-მა კი, თავი შეიკავა.
ჩეხეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიზანია, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოძიების შედეგებზე ზეგავლენა. ბაბიშის თქმით, ევროპელი კანონმდებლები ჩეხეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მტკიცებულებების გარეშე ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ.
„ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ჩეხეთის სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური და მედიაზეწოლის, ასევე შიდა საქმეებში ჩარევის მტკიცებულება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ანდრეი ბაბიში ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებით ფინანსურ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. თავად ბაბიში ბრალდებებს უარყოფს.