ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად დაიკავეს
კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი, მდინარე ბახმუტკას მიღმა მთლიანად დაიკავეს. ევგენი პრიგოჟინმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ აუდიომიმართვაში განაცხადა.
„„ვაგნერის“ დანაყოფებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად დაიკავეს. ყველაფერს, რაც მდინარე ბახმუტკის აღმოსავლეთითაა, მთლიანად „ვაგნერი“ აკონტროლებს. შეგვიძლია, ამის შესახებ განვაცხადოთ“, – აღნიშნავს პრიგოჟინი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს „უკრაინის მიერ კონტროლირებადი ძალების გასვლის შემდეგ“.
ამასთან, როგორც ანალიტიკური ცენტრის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, რუსეთის ძალები ჯავშანტექნიკის დეფიციტს განიცდიან, ხოლო ის დანაყოფები, რომლებიც ბახმუტის შტურმში მონაწილეობენ, გამარტივებული ტაქტიკით მოქმედებენ, რადგან, დიდი ალბათობით, მანევრირებული ბრძოლის უნარები არ აქვთ. ინსტიტუტის მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ბახმუტის აღების შემთხვევაში რუსეთის ძალებს ტაქტიკური წარმატების განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას.