ეველინ ფარკასი - ნატო-მ უნდა უზრუნველყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამხედრო დახმარება
ეველინ ფარკასი - ნატო-მ უნდა უზრუნველყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამხედრო დახმარება

პუტინი და მისი მთავრობა გამუდმებით არღვევენ საერთაშორისო სამართალს; რუსეთი 2008 წელს შეიჭრა მეზობელ საქართველოში და აგრძელებს მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, – ამის შესახებ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის თანაშემწემ, ეველინ ფარკასმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განაცხადა.

ჯორჯ მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო შეჭრით და ოკუპაციით, ასევე ნატო-ს თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ კიბერ და საინფორმაციო ოპერაციებით, რუსეთმა დაარღვია 1997 წლის ნატო-რუსეთის სადამფუძნებლო აქტი.

ფარკასის განცხადებით, ნატო-ს პასუხი მის პერიფერიაზე მდებარე ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერა და საკუთარ ტერიტორიაზე ძლიერი კონვენციური შეკავებაა.

ეველინ ფარკასმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მ, როგორც ინსტიტუტმა, უნდა უზრუნველყოს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სამხედრო დახმარება, რომლებიც განიცდიან რუსეთის მხრიდან სამხედრო ოკუპაციას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა ნატო-ს მომავალთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე გაიმართა.