დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიერ გაერო-ში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს
დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიერ გაერო-ში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობაზეცაა საუბარი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.

„ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას, პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავი და ხაზგასმულია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ.

„2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. კვლავ გრძელდება გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის დახურვა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. კვლავ გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯანდაცვისა და საკუთრებაზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად, არსებობს მონაცემები აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დოკუმენტების მოპოვებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე.

გაერთიანებული სამეფო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ“, – აღნიშნულია ანგარიშში, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ლორდ აჰმად უიმბლდონის მიერ, 6 ივნისს, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში, გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან და პარლამენტთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად.

დატოვე კომენტარი