ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეს შობის აღსანიშნავი მსახურება მიმდინარეობს [ფოტო]
25 დეკემბერს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც.
ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დღეს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყო და ორ ენაზე – გერმანულსა და რუსულზე წარიმართა.
საშობაო ლიტურგიას ეპისკოპოსი მარკუს შოხი წარუძღვა.
„ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველს ქრისტეს შობის დღესასწაული, გისურვებთ ბედნიერ და დალოცვილ შობას“, – განაცხადა მარკუს შოხმა.
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში, გერმანიის ელჩი საქართველოში – ჰუბერტ ქნირში ოჯახთან ერთად დაესწრო.
„ჩვენი კალენდრით შობას 25 დეკემბერს აღვნიშნავთ. ეს ძალიან დიდი დღესასწაულია და მე ჩემს ოჯახთან ერთად საშობაო წირვას ყოველ წელს ვესწრები. მინდა, ყველა ქართველს მოგილოცოთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ბედნიერ შობას გისურვებთ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.