ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეს შობის სადღესასწაულო წირვა ჩატარდა
ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეს შობის სადღესასწაულო წირვა ჩატარდა

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეს შობის სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა, მარკუს შოხმა ჩაატარა. სადღესასწაული მსახურება კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს. საზეიმო ლიტურგიას გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც, ოჯახთან ერთად დაესწრო. შობისთვის მზადება ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ოთხი კვირით ადრე იწყება.

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ ქრისტეს დაბადებას, რომელიც როგორც შუქი, ისე მოევლინა ქვეყნიერებას. ქვეყანაში სადაც ძალიან ბევრი კონფლიქტია, ძალიან ბევრი დაძაბულობაა, ავადმყოფობაა, ეს შუქი ძალიან გვჭირდება, რათა ჩვენ ისევ ერთმანეთი მოვძებნოთ, ადამიანები ერთმანეთს დავუახლოვდეთ. ყველას ვულოცავ შობას, როგორც ქართველებს ასევე გერმანელებს და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს შობის დღესასწაული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მარკუს შოხმა.

საზეიმო წირვას დაესწრო საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

„ჩვენ ყველა ევანგელური კონფესიის და კათოლიკური კონფესიის მორწმუნეები დღეს ვზეიმობთ შობას და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია თბილისში, ქართულ მრევლთან ერთად, ჩვენს საკუთარ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. აღსანიშნავია, რომ ქართველი და გერმანელი ადამიანები, რომლებსაც ევანგელური კონფესია აქვთ, ერთმანეთს ხვდებიან და ერთად ზეიმობენ. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს.