ეუთო-ს თავმჯდომარე ბუიარ ოსმანი - ეუთო არსებობს ხალხისთვის, მისი მოსახლეობის სარგებლისთვის, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ და შევასრულოთ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპები
ეუთო-ს თავმჯდომარე ბუიარ ოსმანი - ეუთო არსებობს ხალხისთვის, მისი მოსახლეობის სარგებლისთვის, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ და შევასრულოთ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპები

ეუთო არსებობს ხალხისთვის, მისი მოსახლეობის სარგებლისთვის. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ და შევასრულოთ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპები, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

ეუთო-ს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დაწყებისას აღნიშნა, რომ სურდა, სამი მთავარი გზავნილის შესახებ ესაუბრა.

„პირველი, ეუთო-მ გაუძლო დროს და განაგრძობს შედეგების მიღწევას. ჩრდილოეთ მაკედონია ეუთო-ს თავმჯდომარეობდა აქტიური ომის დროს, ევროპული უსაფრთხოების და მსოფლიო წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვის უპრეცედენტო საფრთხეების დროს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი გამოწვევას უქმნის ყველაფერს, რასაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება: ჰელსინკის საბოლოო აქტს და ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რასაც ეფუძნება ევროპული უსაფრთხოება, ასევე მის შეუცვლელ ვალდებულებას ადამიანის უსაფრთხოების მიმართ. ომი ძირს უთხრი ნდობას, დიალოგს და ჩვენს შესაძლებლობას, მივაღწიოთ შედეგებს. ყველაფერზე მეტად, ეს ანადგურებს ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლეს, მათ უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად;

მეორე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეუთო მომავლისთვის. ჩვენი საქმიანობის საჭიროებისა და ჩვენი ვალდებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ხაზგასმის პარალელურად, ჩვენს ორგანიზაციას აქვს დამატებითი ტვირთი ხელმძღვანელობაში თანხმობის ნაკლებობის კუთხით, მათ შორის აღმასრულებელ სტრუქტურებში და ბიუჯეტის ირგვლივ. ეუთო-ს სამომავლო მშენებლობისთვის, ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და არა სტრატეგიული დაბნეულობა;

მესამე, ეუთო არსებობს ხალხისთვის. გასული წლის განმავლობაში ყველა ძალისხმევა ჩავდეთ გზავნილის გავრცელებაში, რომ ეუთო არსებობს და ფუნქციონირებს თავისი მოსახლეობის სარგებლისთვის. როდესაც ვამბობთ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ გამოწვევებზე, ჩვენს ისტორიასა და გამოცდილებაზე. ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, დავიცვათ და შევასრულოთ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპები. ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ომის დროს დამანგრეველი ეფექტები და მოწმე გავხდით მიუღებელი ხოცვა-ჟლეტის, რომელიც გამოიწვია მთავრობამ, რომელმაც მიატოვა ეუთო-ს ღირებულებები და პრინციპები. ეუთო უნდა იყოს ანგარიშვალდებულების აქტიური პლატფორმა, როდესაც კონფლიქტები იზრდება“, – განაცხადა ბუიარ ოსმანმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.