ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.
საგარეო უწყების ცნობით, დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე კვლავ გრძელდება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
„მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოაქვს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს.
მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა გალისა და ახალგორის რაიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მუშაობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის წარმოშობის რისკს“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, დავით დონდუამ დაგმო არჩილ ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
„მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები და გატაცებები იწვევს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ასევე, გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენისაკენ.
„დავით დონდუამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
მინისტრის მოადგილემ შეაფასა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას, მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური დინამიკის შესაქმნელად, რათა შესაძლებელი გახდეს პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის არ გამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება რუსეთის მიერ, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას.
დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ძალისხმევა, რათა ხელი შეუშალოს სამართლის ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისაკენ მიმართულ რუსეთის მცდელობებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.