ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი - იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული ხმა იყოს დათვლილი, ამერიკის მთავრობის ყველა შტოს ფუნდამენტური ვალდებულებაა
„კოვიდ-19“-ის პანდემიით შექმნილი მრავალი გამოწვევის მიუხედავად, აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ეუთო-ს საპარლამეტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კამპანიას ახასიათებდა ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც ხშირად ჩრდილავდა უფრო ფართო პოლიტიკურ დებატებს და მოიცავდა სისტემატური თაღლითობის შესახებ უსამართლო ბრალდებებს.
„არავინ, არც პოლიტიკოსმა, და არც არჩეულმა თანამდებობის პირმა არ უნდა შეზღუდოს ადამიანის ხმის მიცემის უფლება. ასეთი უკიდურესად დინამიური კამპანიის შემდეგ, იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული ხმა იყოს დათვლილი, არის მთავრობის ყველა შტოს ფუნდამენტური ვალდებულება. სისტემატური დარღვევების შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები, განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის არჩევნების ღამეს, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კარი ჰენრიქსენმა კი განაცხადა, რომ ხმის მიცემის უფლება და ამ ხმების დათვლა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია.
„კოვიდ-19“-ისა და ფოსტით ხმის მიცემის ზრდის კონტექსტში, მე შეშფოთებული ვარ კანონიერად მიღებული ბიულეტენების დათვლის შეზღუდვის მცდელობებით“, – განაცხადა მან.
საერთაშორისო სადამკვირველო მისია აღნიშნავს, რომ არჩევნების დღემ მშვიდად, მღელვარებისა და დაშინების გარეშე ჩაიარა. მათივე შეფასებით, მედიაგარემო იყო უკიდურესად პოლარიზებული, თუმცა ამავე დროს – პლურალისტული, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება, ხელმისაწვდომი იყო ფართო ინფორმაცია, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარებოდა.