ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე განცხადებას ავრცელებს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის რეგულაციას უზრუნველყოფს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ პროცესს პარტიული პოლიტიკის გავლენის გარეშე“, – აღნიშნულია ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო ხმის მიცემა, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტისა და პროცესის გადადების მოთხოვნისა, მაინც გაიმართა. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ არსებულ პოლიტიკურ გარემოში პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას ღია და გამჭვირვალე პროცესის არსებობასთან დაკავშირებით, რომელსაც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება და საზოგადოებაში სასამართლო სისტემისადმი ნდობას აამაღლებს.

„ჩვენ გვთხოვეს, საქართველოში პოლიტიკური განვითარების კრიტიკულ პერიოდში ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი შეფასება გაგვეკეთებინა. ჩვენ გამოვავლინეთ რიგი ხარვეზები, რომლებსაც, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან უახლოეს მამავალში განვიხილავთ. ჩვენი რეკომენდაციით, ვცდილობთ, მოსამართლეების დანიშვნის საკითხში გაუმჯობესება შევიტანოთ. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი გადაწყვეტილება კოლეგიალურ გარემოში უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნავს ხელმძღვანელი ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოთირი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების წაყენების პროცესის და დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი ანგარიშის დასრულების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი განაგრძობდა 20 კანდიდატის მოსმენების, კომიტეტში ხმის მიცემის პროცესებსა და ფინალურ პლენარულ ხმის მიცემის მონიტორინგს. ცალკეული პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, საერთო შეფასებამ აჩვენა, რომ არც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არც პარლამენტმა არ მიიღეს საკმარისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ობიექტურობა და სამართლიანობა.

​განცხადებაში ასევე საუბარია პროცესის პოზიტიურ მხარეებზე, კერძოდ აღნიშნულია, რომ პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმენები ღია და გამჭვირვალე იყო. შედეგად კი, კანდიდატებისა და მთელი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო.

ამასთან ერთად, პარლამენტმა მიიწვია საკვანძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, რამაც მოსმენების გამჭვირვალობაზე დადებითი გავლენა იქონია.

„დადებით მხარედ შეიძლება აღინიშნოს, რომ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში ზოგადად იყო ღია და გამჭვირვალე, რაც იძლეოდა კანდიდატებისა და ზოგადად პროცესის საჯარო შესწავლის საშუალებას. პარლამენტმა მოიწვია პროცესში მონაწილე ძირითადი ორგანიზაციები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს გასაუბრების ხარისხსა და ღიაობას. თუმცა, ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში და პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდგომი პარლამენტის წევრები იყენებდნენ გასაუბრებებს, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას და ინტერვიუებით ვერ მოხდა ბევრი კანდიდატის შესაბამისობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ჩაწყნარება“,- მიიჩნევენ ეუთო-ში.

დატოვე კომენტარი