ეთნიკური უმცირესობებისთვის კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის თემაზე საკანონმდებლო მაცნემ ახალციხეში შეხვედრა გამართა
ეთნიკური უმცირესობებისთვის კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის თემაზე საკანონმდებლო მაცნემ ახალციხეში შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნასა და ვებგვერდზე განთავსებას.

საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი. ასევე ხელმისაწვდომია მათი ბეჭდური ვერსიები, რომელთა შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი და მიეწოდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მთელი საქართველოს მასშტაბით.

საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხურენოვან მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ასევე მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები იმ გამოწვევებთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია მათ საჭიროებებთან, ჰქონდეთ საჯარო და ხელმისაწვდომი კანონმდებლობა მშობლიურ ენაზე.

სამართლებრივი აქტების ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნასა და ვებგვერდზე განთავსებას საკანონმდებლო მაცნე იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2021 წლიდან აქტიურად ახორციელებს. ამჟამად მაცნეს ვებგვერდზე აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე ნათარგმნი 30-ზე მეტი სამართლებრივი აქტია განთავსებული. მათ შორისაა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კოდიფიცირებული აქტები.

საკანონმდებლო მაცნე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტებსა და სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს.

ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ავრცელებს.