ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ სახალხო დამცველს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინოს
ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ეთნიკური უმცირესობების მრავალწლიანი მოთხოვნის მიმართ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს იზაბელა ოსიპოვა.
ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას – არის ჟურნალისტი, უფლებადამცველი, მჭიდროდ თანამშრომლობს ეთნიკურ ორგანიზაციებთან, პირადად არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ამავე დროს არის სამართლიანი, მიუკერძოებელი, ობიექტური და ყველანაირი გავლენებისგან დამოუკიდებელი კანდიდატი.
განცხადებაში გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არც საპარლამენტო უმრავლესობის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც სახალხო დამცველის მიერ არ იქნა წარდგენილი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 ჯერ წარვადგინეთ ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა, რომელმაც შესარჩევი კომისიისგან ოთხივეჯერ მაღალი შეფასება მიიღო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლის არჩევით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების თემატიკა სრულფასოვნად იქნება ასახული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გატარდება სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი მედიაპოლიტიკა და ხელი შეეწყობა ჩვენ ქვეყანაში რეალური სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.
ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას – არის ჟურნალისტი, უფლებადამცველი, მჭიდროდ თანამშრომლობს ეთნიკურ ორგანიზაციებთან, პირადად არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ამავე დროს არის სამართლიანი, მიუკერძოებელი, ობიექტური და ყველანაირი გავლენებისგან დამოუკიდებელი კანდიდატი.
დასანანია, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედავად,ეთნიკური უმცირესობების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არც საპარლამენტო უმრავლესობის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც სახალხო დამცველის მიერ არ იქნა წარდგენილი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების აღნიშნული თხოვნა და მოთხოვნა მრავალი წელია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ იგნორირებულია, რაც ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციებში აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის შესახებ სხვადასხვა უწყებების მიერ დეკლარირებული განცხადებებისა და პროგრამებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას.
სახალხო დამცველის ინსტიტუტი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით არის ფლაგმანი ორგანიზაცია, ამის გამო ეთნიკური უმცირესობები ყველა პრობლემურ საკითხს უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინაშე ვაყენებთ. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკური უმცირესობების საბჭომ, ბოლო წლებში დიდი წვლილი შეიტანა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საქმეში. ქვეყნის ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართულობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მის მოგვარების აუცილებლობას, ვფიქრობთ რომ სახალხო დამცველი ნათლად ხედავს. ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებს სახალხო დამცველის განსაკუთრებული იმედია გვაქვს და ამის გამო ეთნიკური უმცირესობების სამართლიან მოთხოვნების შესრულებისთვის სახალხო დამცველს არაერთხელ მივმართეთ.
ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციები მივმართავთ სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ეთნიკური უმცირესობების მრავალწლიან მოთხოვნის მიმართ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს იზაბელა ოსიპოვა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციებიდან 43 ადამიანი აწერს ხელს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა.
ამის მიზეზი გახდა „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.