ქვედა ყბის გატეხილი ძვლის ახალი ანალიზი ცხადყოფს, რომ მას არაფერი აქვს საერთო სხვა ნეანდერტალელთა ნაშთებთან. სინამდვილეში, ის შეიძლება ჰომო საპიენსსეკუთვნოდეს და 45 000 – 66 000 წლის წინანდელი იყოს, ანუ, ჩვენი სახეობის ანატომიის უძველესი ნაწილი მთელ ევროპის კონტინენტზე.
ძვალი 1887 წელს ესპანეთის ქალაქ ბანიოლესში აღმოაჩინეს და მისი სახელიც უწოდეს. მას შემდეგ, მეცნიერებმა ის კარგად შეისწავლეს და გვიანი პლეისტოცენის ხანას მიაკუთვნეს, როდესაც თანამედროვე ევროპის ტერიტორია ძირითადად ნეანდერტალელებით (Homo neanderthalensis) იყო დასახლებული.
ამ ფაქტორმა და ძვლის არქაულმა ფორმამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბანიოლესი სწორედ ნეანდერტალელს ეკუთვნოდა.
„ეს ქვედა ყბის ძვალი გასულ საუკუნეში საფუძვლიანად შეისწავლეს და დიდი ხნის განმავლობაში ნეანდერტალელისად მიიჩნეოდა მისი ასაკიდან და ადგილიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტის გამო, რომ აკლდა ჰომო საპიენსის ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო მახასიათებელი — ნიკაპი“, — ამბობს აშშ-ის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგი ბრაიან კილინგი.
კილინგმა და მისმა კოლეგებმა ძვალი სიღრმისეულად შეისწავლეს ე. წ. სამგანზომილებიანი გეომეტრიულ-მორფომეტრიული ანალიზის პროცესის გამოყენებით. ეს გახლავთ არაინვაზიური პროტოკოლი, რომელიც მოიცავს ძვლის ფორმის ამომწურავად შესწავლას, მისი მახასიათებლების აღრიცხვას და სხვა ნაშთებთან შედარებას.
ჩაატარეს მაღალი რეზოლუციის 3D სკანირებები და ეს არა მხოლოდ ძვლის შესასწავლად, არამედ მისი ნაკლული ნაწილების აღსადგენადაც გამოიყენეს. ამის შემდეგ, ბანიოლესის ძვალი ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების ქვედა ყბას შეადარეს.
„ჩვენმა შედეგებმა რაღაც მოულოდნელი აჩვენა. ბანიოლესს არ აქვს ნეანდერტალელის გამორჩეული მახასიათებლები და არც მათ ზოგად ფორმას ემთხვევა“, — ამბობს კილინგი.
ის უფრო ოჯახური ხის ჩვენი ტოტის ყბის ძვლებს შეესაბამება, ერთი დეტალის გამოკლებით: არ აქვს ნიკაპი.
გამომდინარე იქიდან, რომ ნიკაპი ჰომო საპიენსების სხვა არქაული ადამიანებისგან გამოსარჩევ გადამწყვეტ მახასიათებელს წარმოადგენს, მისი არარსებობა პრობლემა იყო. ამას გარდა, ბანიოლესს ასევე აქვს ასობით ათასი წლის წინ ევროპაში ბინადარ სხვა უძველეს ჰომინინებთან საერთო მახასიათებლები.
მკვლევრებმა ძვალი ადრეული თანამედროვე ადამიანისას შეადარეს, რუმინეთში აღმოჩენილ 37 000 – 42 000 წლის წინანდელ ნაშთს. ამ უკანასკნელს ნეანდერტალელის მახასიათებლები აქვს, მაგრამ ასევე აქვს ნიკაპიც.
ყბის ძვლის დნმ ანალიზებმა აჩვენა, რომ დნმ შეიცავდა ერთი ნეანდერტალელი წინაპრის მიმდევრობებს, რომელიც ოთხი ან ექვსი თაობით ადრე ცხოვრონდა — სავარაუდოდ სწორედ ეს ხსნის მის ასე შერეულ მახასიათებლებს.
ვინაიდან ბანიოლესს ნეანდერტალელის მახასიათებლები არ აქვს, ჯგუფმა დაასკვნა, რომ მისი უცნაური ფორმის მიზეზი ის არის, რომ ის ჰიბრიდული ინდივიდი იყო.
აფრიკაში აღმოჩენილ ადრეულ ჰომო საპიენსთა ძვლებთან შედარებებმა აჩვენა, რომ ამ ინდივიდებს ჩვენთან შედარებით ნაკლებად გამოკვეთილი ნიკაპები ჰქონდათ.
შესაბამისად, არსებობს ორი შესაძლებლობა. ბანიოლესი ან ჰომო საპიენსთა აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც გვიანი პლეისტოცენის პერიოდის ევროპაში ნეანდერტალელებთან ერთად ცხოვრობდა. ანდაც ის ამ უცნობი ჯგუფის ჰომო საპიენსისა და ჯერ გაურკვეველი უძველესი ადამიანის ჰიბრიდი იყო.
გადაჭრით მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: ბანიოლესი ნეანდერტალელი არ იყო.
მკვლევართა განცხადებით, ამ საიდუმლოს ამოსახსნელად ერთი გზა არსებობს: ძვლიდან ან კბილებიდან დნმ-ის გამოყოფის ცდა და მისი სეკვენირება.
„თუ ბანიოლესი ნამდვილად ჩვენი სახეობის წარმომადგენელია, ეს პრეისტორიული ადამიანი ევროპაში ამ დროისათვის დოკუმენტირებულ უძველეს ჰომო საპიენსს უნდა წარმოადგენდეს“, — აღნიშნავს კილინგი.