მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ლიეტუვას ნაკრებს და ევრობასკეტის მეოთხე მეოთხედფინალისტი გახდა.
შეხვედრაში 10-ჯერ შეიცვალა ლიდერი. მეორე ტაიმის დიდი ნაწილი წინ ლიეტუვა იყო, რომელიც მეოთხე მეოთხედში რვა ქულითაც იგებდა, მაგრამ ესპანეთმა შეძლო მეტოქის დაწევა და ძირითად დროში უფრო ახლოსაც იყო მოგებასთან – იგნას ბრაზდეიკისმა სირენასთან ერთად ჩააგდო ორქულიანი, რომლითაც შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში ესპანეთი უკეთ გამოიყურებოდა და ექვსი ქულით დაწინაურდა, ლიეტუვამ მაინც დაიტოვა თამაშის მოგების შანსი, როცა ბრაზდეიკისის სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (94:95), მაგრამ დარჩენილ დროში ლიეტუველებმა ქულა ვერ აიღეს და რვა ქულით დამარცხდნენ.
ლიეტუვამ უკეთესად ისროლა ორქულიანები, სამქულიანები და მოხსნებშიც აჯობა მეტოქეს, მაგრამ ესპანეთმა იმის ხარჯზე გაიმარჯვა, რომ მხოლოდ რვა შეცდომა (ლიეტუვას 20 დაკარგვა ჰქონდა) დაუშვა და ექვსით მეტი ჩაჭრა მიითვალა.
მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ფინეთსა და ხორვატიას შორის მოგებულს შეხვდება.
ესპანეთი-ლიეტუვა 102:94 (ო)
19:20, 21:25, 23:23, 20:15, 19:11
ე: ბრაუნი (28+8 პასი), ვ. ერნანგომესი (21+8 მოხსნა), ლოპეს-აროსტეგი (4), პრადილია (2), ხ. ფერნანდესი (0) – სასტარტო; რ. ფერნანდესი (13), ხ. ერნანგომესი (13), დიასი (8), გარუბა (8+8 მოხსნა), ბრისუელა (5), პარა (0), საისი (0).
ლ: საბონისი (15+9 მოხსნა), იოკუბაიტისი (13), გრიგონისი (8), ვალანჩუნასი (5), გედრაიტისი (0) – სასტარტო; კუზმინსკასი (18), ბრაზდეიკისი (17+7 მოხსნა), ლეკავიჩუსი (15), ბუტკევიჩუსი (3), ეჩოდასი (0).