საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა, რეიტინგში ბოლო წლების საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აქამდე ჩვენი გუნდი 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბა-მ რეიტინგი განაახლა და დღესდღეობით საქართველო 32-ე პოზიციაზეა.

საქართველო მცირედით უსწრებს ისრაელის ნაკრებს, რომელმაც, სხვათა შორის, 8-საფეხურიანი პროგრესი განიცადა, ხოლო მექსიკას საგრძნობლად ჩამორჩება. ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია სლოვენიის ნაკრების რეგრესი 2 პოზიციით, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული, რომელშიც აშშ, ესპანეთი და ავსტრალია არიან. რაც შეეხება ევროპას, საქართველო ძველ კონტინენტზე რიგით მეთვრამეტეა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში დაამარცხა (88:83), ხოლო ბელგიასთან (ოვერტაიმში 76:79), ესპანეთთან (64:90), ბულგარეთთან (80:92) და მონტენეგროსთან (73:81) დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდს უახლოესი მატჩები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასა (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ელოდება.