ესპანეთმა ევრობასკეტი მეოთხედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტი 2022 ესპანეთმა მოიგო. პირენეელებმა ევროპის ჩემპიონატი თბილისში ბულგარეთთან გამარჯვებით დაიწყეს და ბერლინში საფრანგეთის ძლევით დაასრულეს – 88:76. ეს გახლდათ ესპანეთის ნაკრების მეოთხე ოქრო ევრობასკეტებზე.

სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი ეფექტურად დაიწყო – უმთავრესად პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით საფრანგეთს პირველივე მეოთხედში გაასწრო და მატჩი ისე დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

31-იდან 18 სამქულიანი – ასეთი შედეგი დაფიქსირდა საბოლოოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრებმა პერიმეტრიდან 48-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა. ამ კომპონენტში კი საუკეთესო ტანმაღალი ხუანჩო ერნანგომესი იყო, რომელმაც 9-იდან 7 სამქულიანი გამოიყენა. მას საბოლოოდ 27 ქულა მოუგროვდა და მატჩის ბომბარდირი გახდა.

23 ქულა ჰქონდა ფრანგ ევან ფურნიეს, რომლის 8-იდან 4 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფინალის საუკეთესო კალათბურთელი 27-ქულიანი ხუანჩო ერნანგომესი გახდა, ხოლო მთლიანად ევრობასკეტი 2022-ის MVP-ის ტიტული მისმა ძმამ – ვილი ერნანგომესმა მიიღო.

ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასეთი იყო: დენის შრიოდერი (გერმანია), ლორენცო ბრაუნი (ესპანეთი), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ვილი ერნანგომესი (ესპანეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი).