ეს საოცარი ყვავილი მწერების მისაზიდად ყალბ ბუზებს წარმოქმნის — #1tvმეცნიერება
მეცნიერებს უკვე დიდი ხანია აჯადოებს ყვავილების უნარი, მიბაძოს დამამტვერიანებელ მწერთა სექსუალურად მიმზიდველ თვისებებს, რათა ისინი თავის ნექტარზე მიიტყუოს.
რა თქმა უნდა, ყვავილები შესანიღბად ვერც სათვალეს იყიდიან და ვერც პარიკს, მაგრამ აქვთ დნმ-ის შესანიშნავი „ხელსაწყოები“.
მწერების მიბაძვაში ყველაზე სახელგანთქმული მცენარეები ორქიდეებია, რომლებსაც იერითა და სუნით გამვლელ მწერთა მიზიდვა შეუძლიათ; მისულ მწერს კი მათი ყვავილის მტვერი აუცილებლად მიაქვს სხვა მცენარეებთან.
ორქიდეებს ეს თვისება დიდი ხნის წინ ჩამოუყალიბდათ და ასეთი წარმატების ფონზე, ნებისმიერი სხვა ინდივიდი, რომელსაც ეს თვისებები არ ჰქონდა, დიდი ხნის წინ გაქრა.
სწორედ ამიტომ შეისწავლეს მეცნიერებმა სამხრეთაფრიკული ზიზილა Gorteria diffusa, რომელსაც სქესობრივი მიმიკრია ევოლუციურ ისტორიაში შედარებით ბოლო დროს ჩამოუყალიბდა და სახეობის ყველა ყვავილში არ გვხვდება.
ამ ზიზილას ყვავილის გვირგვინის ფურცლები სხვადასხვა ფერია, როგორც მკრთალი ყვითელი, ისე კაშკაშა მოწითალო-ნარინჯისფერი; ზოგს აქვს ლაქებიც, რომლებიც ყვავილის ცენტრის გარშემო წრეს წარმოქმნიან.
ყვავილის იერსახე მნიშვნელოვნად სხვადასხვაგვარია, ზოგიერთის შემთხვევაში კი, ლაქები მომწვანო-მოშავო გამონაზარდებად არის გარდაქმნილი, რომლებიც ბუზებისთვის ყვავილის ფურცლებზე მომლოდინე მდედრი მეწყვილესავით გამოიყურებიან.
ახლახან აღრიცხეს ამ სახეობის სხვადასხვა მახასიათებლის ევოლუცია, რათა განესაზღვრათ, თუ რა თანმიმდევრობით ჩამოყალიბდა ეს თვისებები, რამაც საბოლოოდ, ყვავილს მწერების ასე მოტყუების უნარი მისცა: პირველად გამოჩნდა ფერი, შემდეგ შემთხვევითი პოზიციონირება, შემდეგ კი ტექსტურა.
ახალ კვლევაში, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი რომან კელენბერგერი ხელმძღვანელობდა, შეისწავლეს, როგორ გახდა გენების ის სამი ნაკრები ყვავილის ასეთი მოხერხებული სტრატეგიის ნაწილი მაშინ, როცა ერთ დროს ამ გენებს არაფერი ჰქონდა საერთო აღგზნებული ბუზების მიზიდვასთან.
„ამ ზიზილას ყალბი ბუზების „დამზადების“ ახალი გენი არ გამოუმუშავებია. იმისათვის, რათა მამრი ბუზების მისაზიდად ასეთი რთული ლაქა გაეჩინა გვირგვინის ფურცლებზე, მან უკვე არსებული გენები შეკრიბა, რომლებიც მცენარის სხვადასხვა ნაწილში სხვა რამეებს უკვე აკეთებდნენ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მცენარეთა ბიოლოგი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ბევერლი გლოვერი.
ერთ-ერთი ეს გენი მცენარეში რკინას ამოძრავებს, მეორე ფესვების ბეწვების ზრდას უზრუნველყოფს, მესამე კი ყვავილების წარმოქმნის დროს აკონტროლებს.
რკინის გადამტანი გენები წარმოქმნის ლაქებს, რომლებიც დამამტვერიანებელ მწერებს ნექტართან, ყვავილის ცენტრისკენ უბიძგებს; ეს გახლავთ დამტვერვის აპრობირებული, ნამდვილი სტრატეგია, რომელსაც ყვავილები სქესობრივი მიმიკრიის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ეყრდნობოდნენ.
შედეგად მიღებულ პიგმენტთა კომბინაცია წარმოქმნის მოლურჯო-მომწვანო შავ ელფერს, ზუსტად ისეთს, როგორიც არის ბუზის ზურგი.
გენების ის ერთობლიობა, რომლებიც როგორც წესი, ყვავილების წარმოქმნის შეზღუდვაში მონაწილეობს, ხელახლა იქნა გამოყენებული ნექტრის გზამკვლევი ლაქების „გამოსართავად“, რის შედეგადაც წარმოიქმნა „ყალბი ბუზების“ მსგავსი მახასიათებლები გვირგვინის ფურცლების სხვადასხვა ადგილას.
სატყუარას წარმოქმნაზე პასუხისმგებელია გენების მიმდევრობა, რომელიც როგორც წესი, მცენარის ფესვებზე ბეწვების წარმოქმნას განაპირობებს — სამგანზომილებიანი ფორმისა და ტექსტურის მქონე ბუზის მსგავს წარმონაქმნს ზიზილას გვირგვინის ფურცლებზე.
ამ გენების მიერ წარმოებული ცილა ადუნებს მცენარის უხეში უჯრედების კედლებს და იწვევს უჯრედების შეუქცევად გაფართოებას. ყვავილის გვირგვინის ფურცლებში, ეს ცილა აფართოებს უკვე არსებულ ბეწვებს და მათ ზედაპირულ ტექტსურას აძლევს.
აღმოჩნდა, რომ ეს გენი თითქმის საერთოდ არ მოქმედებდა ფოთლებისა და ულაქო ყვავილების წარმოქმნაში.საშუალოდ იყო გამოხატული ფესვების განვითარებაში, ლაქებიანი ყვავილების წარმოქმნაში კი ძლიერ.
„მამრი ბუზები მარტივი ლაქების მქონე ყვავილებზე დიდხანს არ ჩერდებიან, მაგრამ საკმაოდ იზიდავთ ამ „ყალბი ბუზების“ მქონე ყვავილები, სადაც ისინი უფრო ბევრ დროს ატარებენ, რადგან ცდილობენ მასთან შეჯვარებას და ამ დროს, უფრო მეტ ყვავილი მტვერს მიმოაფრქვევენ და მას დამტვერვაში ეხმარებიან“, — ამბობს კელენბერგერი.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.