ერთდროულად 20-ზე მეტ მსესხებელზე სესხის გამცემი პირი ვალდებული ხდება „სესხის გამცემ სუბიექტად“ დარეგისტრირდეს
სუბიექტისთვის, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება „სესხის გამცემი სუბიექტის“ სტატუსით რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, რეგისტრაციას ეროვნული ბანკი განახორციელებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.
„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო საკმაოდ დიდი კანონპროექტი და ამ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი ეხება მსესხებლების უფლებების დაცვას. 2019 წლის პირველი იანვრიდან მოხდება ეროვნული ბანკის მიერ მსესხებლების უფლებების დაცვის გაძლიერება და ის დამატება, რომელიც ახლა კეთდება, სწორედ ამ მიმართულებით არის. გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას აწარმოებენ და სწორედ ამ მიმართულებით არის ეს ზომა მიღებული, რათა დაცული იყოს მსესხებლების უფლებები, ამ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით. ამასთან, თუ 20-ზე მეტი პირისგან აქვს ვალდებულება ვინმეს მოზიდული, ის ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
კითხვაზე, როგორ მოხდება ამ პირების კონტროლი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ კონტროლს შესაბამისი უწყებები განახორციელებენ.
„მათი კონტროლი მოხდება ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში. თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ადამიანი, ან პირთა ჯგუფი ახორციელებს მსგავსი ტიპის გასესხებას და ისინი არ არიან რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს და უკვე მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ კანონის მიხედვით“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
2019 წლის 1 იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მოცემული ფორმულირება საზოგადოებაში არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება იმ ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“, რომლებიც გასცემენ სესხებს პირთა ფართო წრეზე, რაც შინაარსობრივად სამეწარმეო საქმიანობაა. კანონპროექტით, სესხის გამცემის სუბიექტის ცნება განისაზღვრება, ასევე ფართოვდება ეროვნული ბანკის მანდატი სესხის გამცემი სუბიექტის ზედამხედველობის თვალსაზრისით.