ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით მიიღებს.
მთავრობის ინიციატივით მომზადებული შესაბამისი კანონპროექტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცნო.
მომხსენებელმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე პირველი მოსმენის ფარგლებში, პრინციპების დონეზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიურად არის ჩართული იმ სპეციალური, ოპერატიული და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენა-აღკვეთას ემსახურება.
ჩუბინიძის თქმით, სამსახური ისეთ საქმიანობას ახორციელებს, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.