ეროვნული მუზეუმი - ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არ შეიძლება, დაემუქროს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არ შეიძლება, დაემუქროს, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ზრუნვა კოლექციების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში, რომლითაც „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პატრიოტების“ აქციას ეხმიანება.
როგორც ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, პროცესი არის გამჭვირვალე და მასში ჩართულია არაერთი დაინტერესებული მხარე.
„ამჟამად ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს რეგულარული სამუზეუმო საქმიანობა – კოლექციების აღრიცხვა-შეჯერების, მონიტორინგისა და გეგმური რესტავრაცია-განახლების პროცესები. სარესტავრაციოდ შერჩეული ნივთის განთავსება ხდება ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მისი საჭიროებისამებრ, რესტავრაციის, ფიქსაციის ან გაწმენდის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მუზეუმში, ამჯერად დროებითი გამოფენების დარბაზი დახურულია, იმისათვის, რომ დამთვალიერებლისთვის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამშრომლები პარალელურად აგრძელებენ საგამოფენო საქმიანობას. ხელოვნების მუზეუმის კოლექციები პერიოდულად იფინება ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში მყოფ სიღნაღის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება გამოფენისთვის „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130,“ რომელიც სიღნაღის მუზეუმში 17 ივლისიდან უმასპინძლებს დამთვალიერებელს“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრები აცხადებენ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.
ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ ხელოვნების მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიზეზით, არ მოხდეს ისტორიული შენობიდან დაცული კოლექციების სხვა სივრცეში გადატანა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში ნაგებობისთვის საჭირო სამუშაოები აპრობირებული მეთოდით განხორციელდეს.