ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვედანაყოფის – ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად მონაწილოებდნენ. გვარდიელები ჩართულები არიან ასევე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. ამჟამად, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას ახორციელებს. საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფოების შიდა გვარდიებთან, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.