ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა
ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით, სიგელებითა და საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.