პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად, წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა სტუმრებს სიტყვით მიმართა, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა.

„საქართველოს თავდაცვის წარმომადგენლების საახალწლო მიღება ჩვენ უკვე წესად გვექცა და ძალიან მიხარია. მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ორბელიანების სასახლეში გიმასპინძლოთ და მადლობა მოგახსენოთ ქვეყნის სამსახურისთვის. დღევანდელ დღეს და დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში, ეს არ არის მხოლოდ ფორმალური მადლობა.

ასევე, ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად არიან ის ადამიანები, თქვენი მეუღლეები, რომლებიც მუდმივად გვერდში გიდგანან და ვის გარეშეც თქვენ ასეთი გამართულები ალბათ ვერ იქნებოდით. ოჯახის ძალა დიდია და სამხედრო პირისთვის კიდევ უფრო დიდი საყრდენია.

დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ემთხვევა (თუმცა ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის), ეროვნული გვარდიის დღეს და მიხარია, რომ ამ დღეს ერთად აღვნიშნავთ აქ, და სწორედ 20 დეკემბერს, რამეთუ 1920 წლის 20 დეკემბერს, ანუ 102 წელის წინ, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული გვარდია დაარსდა.

ასევე, უნდა გავიხსენოთ, რომ 12 დეკემბერს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდია. ღირსშესანიშნავია, რომ 1918 წლიდან გვარდიამ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში, ყველა ომში და ამისთვის ჩვენ მათ მიმართ მართლაც დიდი მადლიერება გვევალება.

ახლა, მსურს, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გვარდიელებისა და მათთან ერთად, ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა ხსოვნას.

გავიხსენებ იმასაც, რომ თუკი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებობდა გარკვეული დაძაბულობა ორ, პარალელურ სამხედრო ფორმირებას – გვარდიასა და ჯარს შორის, დღეს ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რამეთუ დღეს ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია. მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის, ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს. მას ასევე ევალება საგანგებო სიტუაციების, სამოქალაქო ოპერაციების მხარდაჭერა და ეს ყველა ქვეყნისთვის დღევანდელ პირობებში უფრო და უფრო დიდი გამოწვევა და ამდენად, მისი უფრო და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.

ეროვნულ გვარდიას და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვუსურვებ დიდ წარმატებას, დღევანდელ დღეს ვულოცავ გვარდიას და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველა თაობისა და წოდების გვარდიელს მადლობას მოვახსენებ სამსახურისთვის.

მინდა, მივულოცო თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს, ვისურვო, რომ ძალიან ბედნიერი და მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს, იყოს წელი, რომელიც ნახავს საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და ეს იქნება ყველა ჩვენი წარსული ბრძოლების ყველაზე დიდი, უმაღლესი გამართლება. მე მინდა, ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის და ყველას, თქვენს ოჯახებთან ერთად, გისურვოთ ძალიან ბედნიერი და მშვიდობიანი 2023 წელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.