ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავენ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს გვექნება. პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. რა მონაცემებსაც წინასწარ ვხედავთ, დაახლოებით იგივე მოლოდინი გვაქვს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვამბობდით, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება. წინა კომიტეტებზე ეს საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკი ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე ნამდვილად გვექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.
„რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია და ექვს პროცენტს შეადგენს. დაღმავალი ტრენდი აქვს შიდა ინფლაციასაც, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტრენდი არის შეუქცევადი და უკან შემოტრიალების რისკი არ არსებობს. შიდა ინფლაციაში იგულისხმება, ძირითადად, სერვისი და ის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება. მიგრაციის ეფექტი კვლავ მაღალია, თუმცა ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიგრაციის ტალღა დაიწყო და ამას ბუნებრივი საბაზისო ეფექტი ექნება. ასევე, ჩვენს სტატისტიკაში, როდესაც წელიწადზე მეტხანს ჩერდება მიგრანტი, უკვე აღარ ითვლება ტურისტად, ის უკვე ადგილობრივ რეზიდენტად მიიჩნევა. შესაბამისად, გარკვეული სტატისტიკური გადაადგილებები, შესაძლოა, ამას ჰქონდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით მიგრანტების ეფექტი კვლავ მაღალია. 10 მაისისთვის უკვე დამატებით ინფორმაციასაც მივიღებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლეჟავამ.