ეროვნული ბანკი წელს ქართული წიგნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს კიდევ ერთ საკოლექციო მონეტას გამოუშვებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი საკოლექციო მონეტა, ვერცხლის, 5 ლარის ნომინალის იქნება და ქართული წიგნის თემას მიეძღვნება.
„როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუროს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე, საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, სადაც მოეწყობა ქართველი ავტორების გამოსვლები და მათი შემოქმედებითი საღამოები, ჩვენი ქვეყნის მიზანია მსოფლიოს გააცნოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საპრეზენტაციო პლატფორმა ეფუძნება კონცეფციას – ანბანით მოთხრობილი საქართველო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მონეტის რეალიზაცია სავარაუდოდ, ფესტივალის დასკვნით ნაწილში, შემოდგომაზე დაიწყება.
10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა კი, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.