ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა
ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა.

დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უმასპინძლა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს.

ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში, რაფაელ ჩიმიშკიანს. ღონისძიებას დაესწრო სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება – „ტოკიო 2020“ უცვლელი დარჩა.