ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას პირველი აპრილიდან დაიწყებს
ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას პირველი აპრილიდან დაიწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება – „ტოკიო 2020“ უცვლელი დარჩა.

„საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1 500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 80 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის პირველი აპრილის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში იქნება შესაძლებელი.

პროდუქცია 2021 წლის პირველი აპრილიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ორი მონეტის შეძენა შეეძლება, რათა მეტი კოლექციონერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

„ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათ შორისაა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა და ა.შ. საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. წინა წლების ოლიმპიადებისა და შემდგომ, დიდ საერთაშორისო ასპარეზობებზე სპორტსმენთა მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს წარმომადგენლები მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც წარმატებებს მიაღწევენ“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.