ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა.  ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი – საკოლექციო მონეტა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მივუძღვენით. ეროვნული ბანკისთვის გამორჩეულად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, 1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ამავე პერიოდში, 1919 წელს შეიქმნა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ სულ რაღაც 3 წელი იარსება, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ვითარებისა, შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, შექმნა დემოკრატიული მართვის ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით კიდევ უფრო განამტკიცა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო სიმბოლიკა, ჩაატარა თავისუფალი საყოველთაო არჩევნები, საკმაოდ მოკლე ხანში შექმნა საკანონმდებლო მემკვიდრეობა. ჩამოაყალიბა პროფესიული კავშირები, გაატარა ფულად-საკრედიტო რეფორმა, შექმნა და მიმოქცევაში გაუშვა პირველი ქაღალდის ფული – ქართული ბონი, გაატარა მიწის, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, დააფინანსა ათეულობით სტუდენტი უცხოეთში სწავლის მისაღებად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შეუსრულდა 100 წელი და სწორედ აღნიშნული ფაქტი სძენს გამორჩეულობას ეროვნული ბანკის ახალ პროექტსაც.

„საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას და 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის. ეროვნული ბანკი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა.

ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: “26 მაისი”, “1918”, “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” და “10 ₾”.

რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “10 ლარი”, “2018” და “GEORGIA.

1500 ცალი საკოლექციო მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.