ეროვნული ბანკი - სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა
ეროვნული ბანკი - სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ და უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ სავალუტო რისკების გათვალისწინება და მართვა ვერ ხერხდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას დოლარიზაციის შემცირება – ლარიზაციის ზრდა წარმოადგენდა. ლარიზაცია კი, საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია.

ანგარიშში აღნიშნულია ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის წახალისების მიზნით განახორციელა, მათ შორის 2017 წელს, მათ შორისაა ბანკის მიერ მთავრობასთან თანამშრომლობით შემუშავებული ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია.

როგორც ბანკი აღნიშნავს, ლარიზაციის ღონისძიებების შედეგები 2017 წელსვე აისახა საბანკო სისტემის მაჩვენებლებზე – წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, დეპოზიტებისთვის კი, – 5 პროცენტული პუნქტით. ამავე მონაცემებით, ფიზიკური პირებისთვის დოლარის სესხების წილის 12 პროცენტული პუნქტით კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, მათი სესხების დოლარიზაცია 53 პროცენტიდან 26 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია განმარტებული, ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარება.

„2016 წელს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის განხორციელებაზე მუშაობა 2017 წლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა. თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარება გაზრდის ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობას და ლარიზაციას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ანგარიშში და  2017 წლის განმავლობაში ბაზარზე გამოჩნდა ლარით დენომინირებული ახალი კორპორატიული ფასიანი ქაღალდები; ასევე 2017 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 120 მილიონი ლარის მოცულობის ლარით დენომინირებული ევრობონდები განათავსა ბაზარზე, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ეროვნული ვალუტით დენომინირებული ევრობონდების განთავსების პირველი შემთხვევა იყო რეგიონის მაშტაბით.

2017 წლის ანგარიშში ქვეყანაში სავალუტო რისკის შეფასებისა და ადეკვატური გადანაწილების საკითხზეცაა საუბარი და სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებით ძირითადად ისეთი მსესხებლები სარგებლობენ, რომლებიც შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებენ და, უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ ვერ ხერხდება სავალუტო რისკების გათვალისწინება და მართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 17 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით არის შესაძლებელი.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, საქართველოში ლარიზაციის შემაფერხებელი ერთ-ერთ ფაქტორია უძრავ-მოძრავი ქონების ფასების უცხოური ვალუტით კოტირება. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ფასწარმოქმნა ეროვნული ვალუტით ხდება – მშენებლობის ხარჯების დიდი ნაწილი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევის გამო, ბაზარზე ფასები უცხოური ვალუტით ცხადდებოდა, რაც კურსის მერყეობის პერიოდებში ბაზრის მუშაობას აფერხებდა.

„2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების (გარკვეული გამონაკლისების გარდა) მიერ ფასის გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ ლარით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს „ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ”, „ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს”, “ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს” და აუდიტორების მიერ დამოწმებულ „საფინანსო ანგარიშგებას”. წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.