ოქტომბერში სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11 პროცენტით) გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის სესხების მოცულობამ 30.75 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით (1.52 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.47 მლნ ლარით (2.59 პროცენტით) გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.51 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების ლარიზაცია დაახლოებით 2 პროცენტით არის გაზრდილი.

200 ათას ლარამდე სესხების გაცემა საქართველოში მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეს ზღვარი ისევ 100 ათას ლარამდე შემცირდეს.