ეროვნული ბანკი - თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა
2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 89.5 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 88.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 86.1 პროცენტით დაიკლო. ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.
„2021 წლის თებერვალში გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-95.8 პროცენტით), სომხეთიდან (-89.9 პროცენტით) და რუსეთიდან (-94.4 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.8 პროცენტული პუნქტით აისახა“, – აცხადებენ სებ-ში.