ეროვნული ბანკი - თებერვალში აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 17.5 პროცენტით გაიზარდა და 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით, 21.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (190.9 პროცენტით) და უკრაინიდან (78.3 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.9 და 2.4 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (24.0 პროცენტით), რაც იტალიიდან (31.8 პროცენტით), საბერძნეთიდან (19.9 პროცენტით) და გერმანიიდან (51.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან (32.9 პროცენტით) და კანადიდან (30.5 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.0 პროცენტი) და რუსეთი (15.6 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.