ეროვნული ბანკი - თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 282 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 282 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 282.2 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 37.9 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელზე ზრდის მიმართულებით გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ, ასევე, კურსის გაუფასურების შედეგად, უცხოური ვალუტის სესხების ლარით მაჩვენებლის ზრდამ.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.4 პროცენტი შეადგინა.

„გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 10.7 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.4 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 194.1 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა და 16.81 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 23.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.4 პროცენტით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.51 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.