ეროვნული ბანკი - ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 313.7 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან კი 9.6-ჯერ
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 313.7 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან კი 9.6-ჯერ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 313.7 პროცენტით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.8 პროცენტი შეადგინა და წლიურად 331.5 პროცენტით მოიმატა.

ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„შედარებით გააქტიურებული ტურიზმის ფონზე, საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების სრულად გახსნამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გააგრძელა. ოქტომბერში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 313.7 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან შარშან წლის მეორე ნახევარში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 69.1 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.6-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 36.6 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით“, – წერია სებ-ის მიმოხილვაში.