ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი, ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს დაბალ ინფლაციას.

„ფასების სტაბილურობა ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. გრაფიკა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს ასახავს, სადაც კარგად ჩანს ბოლო წლებში საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგსა და საერთაშორისო ინვესტორთა განწყობაზე. 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7% შეადგინა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია. გაუმჯობესება გაგრძელდა 2019 წელსაც და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ნახევარში მოსალოდნელი დეფიციტი დაახლოებით 3.5%-ია.

საერთო ჯამში, წლის პირველ ნახევარში, რეგისტრირებული საქონლის ექსპორტი 11%-ით არის გაზრდილი, ტურიზმიდან შემოსავლები – 7%-ით. ასევე მატულობს ფულადი გზავნილები, 8%-ით. ამავე პერიოდში იმპორტი 5%-ით არის შემცირებული. თუმცა, მეორე კვარტალის ბოლოს საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები გამოიკვეთა – კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები“, – აცხადებენ ეროვნული ბანკში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რა ზეგავლენა ექნება ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე და როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის რეაგირება აღნიშნული ტიპის შოკზე.

„ჩვენი დაშვებებით, ტურიზმიდან შემოსავლების პოტენციური დანაკლისი 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ წინა წელთან შედარებით 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. გრაფიკაზე წარმოდგენილია ინფლაციის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია კვლავ სუსტი მოთხოვნის გამო, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მაინც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას. ეროვნული ბანკის მიმდინარე, საბაზო სცენარი, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას კვლავ გულისხმობს. თუმცა, პოლიტიკის განაკვეთის დიაგრამაზე გამოსახული პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, დღეისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან ეკონომიკური აქტივობა ზომიერად იზრდებოდა.

„პირველ ხუთ თვეში ზრდამ 4.9% შეადგინა. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე, განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება. წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტება ზომიერი ტემპებით იზრდება. ივნისში საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14% იყო, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ზომიერია. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურია ბიზნეს სესხები და ლარით იპოთეკური სესხები. საგულისხმოა, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. ასეთ ტურბულენტურ პერიოდებში კიდევ უფრო იკვეთება ლარით დაკრედიტების ზრდის მნიშვნელობა. იმისათვის, რომ, ქვეყანა იყოს მდგრადი საგარეო შოკების მიმართ, აუცილებელია, მოხდეს სავალუტო რისკების მინიმუმამდე შემცირება, რომლის მნიშვნელოვანი წყაროც უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხებია. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში სიგარეტის აქციზის გადასახადის მატების წვლილი 1.3 პროცენტული პუნქტია და მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს ინფლაციის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.4 პროცენტია, რაც ასევე მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია და რომ მომავლში ფასების სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებული იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში სამი პროცენტია. საშუალოვადიანი პერიოდისთვის ხაზგასმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და, როგორც ეს გრაფიკაზეა ასახული, ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან:

სხვადასხვა დროს ის შეიძლება იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ან ქვემოთ, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისკენ იმოძრავებს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს ან ინფლაციის ლიმიტს. რომ დავაზუსტო, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის სამი პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას სამ პროცენტთან ახლოს – ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.