ერიკ კროსი - მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო
ევროპული სისტემის მიხედვით, შესაძლოა დააპატიმრონ და გაასამართლონ ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსი, თუ მან დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანად, დაცული უნდა იყოს ევროპული კონვენცია, – ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ კროსმა ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილი საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.
„სასამართლომ თქვა, რომ მთავრობამ დაარღვია კონვენცია და საუბარია იმ კონვენციაზე, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტური დოკუმენტია.
არ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ევროსასამართლო მე-18 მუხლის დარღვევაზე საუბრობს და ვანო მერაბიშვილის საქმე ასეთი საქმეების რიცხვს უკვე მიეკუთვნა.
როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას? საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა. იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ ევროსასამართლო მათ არ მოუწოდებდა იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ და ასეა ახლა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. სასამართლო არ ამბობს, რომ ეს პიროვნება ან ის პიროვნება პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. სასამართლო ამბობს, რომ ადგილი აქვს კონვენციის დარღვევას და ეს არის უმძიმესი, ძალიან სერიოზული დარღვევა.
ევროპული სისტემის მიხედვით, შესაძლოა დააპატიმრონ და გაასამართლონ ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსი, თუ მან დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანად. დაცული უნდა იყოს ევროპული კონვენცია. ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს არ მომხდარა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მთავრობა სასამართლოს დაკავებულ პირის გათავისუფლებით პასუხობს. დიახ, ჩვენ ველოდებით მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოეს მომავალში განიხილავენ ამ საკითხს და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორისაა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ამით მინდა ვთქვა, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ არის დაყენებული დაბალ დონეზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საკითხს“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ კროსმა.