ერგნეთის შეხვედრებზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციას მურატ ჯიოევის ნაცვლად ეგორ კოჩიევი „უხელმძღვანელებს“
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ერგნეთში, მათი წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი იქნება – ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რეს“-ი ავრცელებს.
გამოცემის განმარტებით, ეგორ კოჩიევი ე.წ. პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის პოლიტიკური წარმომადგენლის მოადგილედ დაინიშნა. მათივე ინფორმაციით, კოჩიევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენელი იყო, 1992-2005 წლებში კი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
ერგნეთში გამართულ შეხვედრებს „საკადრო ცვლილებამდე“ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ესწრებოდა, რომელიც ე.წ. პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში დეფაქტო პრეზიდენტის პოლიტიკური წარმომადგენელი იყო და ამ „მანდატით“ ჟენევის მოლაპარაკებებშიც იღებდა მონაწილეობას.