ოკუპირებული ცხინვალი სუს-ის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს
ოკუპირებული ცხინვალი სუს-ის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და წარმოადგენს მოსახლეობის ემოციებზე ზემოქმედების მცდელობას.

„სინამდვილეში სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურებმა გააგრძელებს სოფელ გუგუტიანთკარის რაიონში საზღვრის ხაზის მონიშვნის სამუშაოები, რომლებიც ტარდებოდა 2019 წლის აგვისტოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მესაზღვრეები არც მაშინ და არც ახლა ერთი მეტრითაც არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას, ქართული მხარე კვლავ, როგორც გასულ წელს, ცდილობს, გააღვივოს „მსოფლიო სკანდალი“. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – განაცხადა მურატ ჯიოევმა.

სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა ასევე სიცრუე უწოდა განცხადებებს, რომ ე.წ. მესაზღვრეების ქმედებები ადგილობრივი მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და მათ არსებობის მთავარი წყაროსადმი – ბაღებისა და წყლის რესურსებამდე წვდომას ართმევს.

„პირიქით, ჩვენი მესაზღვრეები ცდილობენ, გაითვალისწინონ ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესები, დატოვეს ქართულ მხარეზე წყალმომარაგების წყაროსადმი მისადგომებიც და სახლებიც, რომლებიც საზღვრის ხაზზე აღმოჩნდნენ. ვინაიდან სამუშაოები ტარდება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, შეხება არ მომხდარა საქართველოს მცხოვრების არც ერთ ბოსტანთან“, – ამტკიცებს ჯიოევი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ „საქართველო და მისი მფარველები საზღვარს არ აღიარებენ, არ ნიშნავს, რომ ეს საზღვარი არსებობას შეწყვეტს“. ჯიოევი ამბობს, რომ საქართველოში დაწყებული ეს „ისტერია“ რუსეთის მიმართ მორიგი ბრალდებების გამოთქმის მიზანს ემსახურება.

„თუმცა, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, საზღვრის აღმნიშვნელ ყველა სამუშაოს სამხრეთ ოსეთის შესაბამისი სამსახურები ატარებენ“, – განაცხადა ჯიოევმა.

ის ასევე მიიჩნევს, რომ  „აღნიშნული პროპაგანდისტული კამპანია“ საქართველს ხელისუფლებას ასევე სოფელ წნელისის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციიდან ყურადღების გადასატანად სჭირდება, სადაც საქართველომ, ცხინვალის მტკიცებით, „უკანონო“ საგუშაგო განათავსა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს. სუს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი.