ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ხვალინდელ დღის წესრიგზე მსჯელობენ
ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ხვალინდელ დღის წესრიგზე მსჯელობენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 43-ე რაუნდის ფარგლებში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დილიდან თანათავმჯდომარეებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ჟენევიდან იუწყება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დღის წესრიგის თანახმად იმუშავებენ.

საქართველოს დელეგაციის ინფორმაციით, ორმხრივ ფორმატში დეტალურად იმსჯელებენ ხვალინდელი სამუშაო შეხვედრისთვის განსახილველ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევაში განაცხადა, რომ ყველა ფორმატში ყურადღება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს დაეთმობა.

მისი ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ამ თემაზე გუშინაც ჰქონდა არაფორმალური შეხვედრები.

“ხვალ ეს იქნება მთავარი თემა, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლები გაამახვილებენ ყურადღებას”, – აღნიშნა დონდუამ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რომელიც როგორც დონდუა ამბობს, საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მიუხედავად, უკეთესობისკენ არ იცვლება.

“სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება, სახეზე გვაქვს ოკუპაცია, რუსული სამხედრო ყოფნა, მუდმივი განახლება და როტაცია, როგორც შეიარაღების, ისე პირადი შემადგენლობის, მუდმივი წვრთნები, სამხედრო მანევრები, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას. ასევე, ძალიან შემაშფოთებელია ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები, რომელიც უფრო და უფრო მეტი ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა დავით დონდუამ გაერო-ს ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს დელეგაციის ინფორმაციით, საქართველოს ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა აქვს.

მოლაპარაკებები შვეიცარიაში 27-28 მარტს იმართება, თუმცა არაფორმალური კონსულტაციები 26 მარტს უკვე დაიწყო თანათავმჯდომარე ორგანიზაციების (გაერო, ევროკავშირი, ეუთო) წარმომადგენლებთან. დღეს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, ასევე პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და მეორე სამუშაო ჯგუფის თანამოდერატორებთან. დასკვნით დღეს კი შედგება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა