ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გუშინ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ანიკა სოდერის თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 99-ე შეხვედრა ჩატარდა.

ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გათვალისწინებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა ჩატარდა ჯანმრთელობის დაცვის ყველა აუცილებელი ზომის თანხლებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის მიმართ მონაწილეთა თავდადება და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოახლოებული სააღდგომო დღესასწაულების გათვალისწინებით. ელჩმა შჩიგელმა მოუწოდა ჰუმანიტარული მიდგომისკენ ამ დღეების განმავლობაში და ადგილობრივი მოსახლების საჭიროებების შესაბამისი განსაკუთრებული ყურადღებისკენ. ელჩმა სოდერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოძებნონ გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების შესამცირებლად და ხაზი გაუსვა დიალოგისა და პრაგმატიზმის მნიშვნელობას.

ორმა თანათავმჯდომარემ გაითვალისწინა გადაადგილების თავისუფლებასა და მასთან დაკავშირებული პანდემიის ზომებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცვლილებები და მოუწოდა მონაწილეებს, განაგრძონ გადაწყვეტილებების გამოყენება იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელიც გამოწვეულია „კოვიდ-19“-ის პანდემიის ნეგატიური ზემოქმედებით და გადაკვეთის პუნქტების მიმდინარე დაკეტვით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე შემდგომი დისკუსია შეეხო საკითხებს რომლებიც დაკავშირებულია სტაბილიზაციასთან და ნორმალიზაციასთან, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პროცესებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, დაკავებების შემთხვევებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიის უფრო ფართო შედეგებს. როგორც ადრე, კონსულტაციებმა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ადგილზე ქალთა, მამაკაცთა, მოხუცთა, ბავშვთა და სხვა დაუცველი ჯგუფების უსაფრთხოების სპეციფიკური საჭიროებები“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა მონაწილე დათანხმდა, რომ სოფლის მეურნეობის მოახლოებული სეზონი საჭიროებს გაფართოებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, მონაწილეებმა შემდეგი შეხვედრის ჩატარება 2021 წლის 14 ივნისიდან დაწყებულ კვირაში გადაწყვიტეს.

დატოვე კომენტარი