სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. გამარჯვების ხიდზე პოლიცია ცდილობს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ის ჯგუფი დაშალოს, რომელსაც ხიდი აქვს გადაკეტილი.
როგორც News Aramenia წერს, პოლიციასთან მოლაპარაკებების შედეგად, დემონსტრანტებმა ხიდთან ავტომობილების მძღოლებს გავლის საშუალება მისცეს, რის შემდეგაც, კვლავ გადაკეტეს ხიდი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. მომიტინგეები სკანდირებენ: „ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონები ვართ“.
ამასთან, ინციდენტი მოხდა ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ასევე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი. მომიტინგეთა ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა.
ამას გარდა, პოლიციამ ლუსაროვიჩის ქუჩაზე ბარიკადები დაშალა. მომიტინგეებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც, სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს.
აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.